logo
ENG



რაქვიაშვილი ამნისტიაზე: ვცდილობთ, ადამიანურ გრძნობებზე აპელირებით გავამწვავოთ სიტუაცია

26 აპრ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
რაქვიაშვილი ამნისტიაზე: ვცდილობთ, ადამიანურ გრძნობებზე აპელირებით გავამწვავოთ სიტუაცია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი 20 ივნისის ამნისტიის კანონის "სამართლიანობაზე" საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემაა "მორალურ დილემებზე" აპელირება და მაგალითად მოჰყავს გიორგი რურუას წარსული. რაქვიაშვილის თქმით, წარსულიდან გამომდინარე, ბევრი არასდროს დათანხმდებოდა მის დაუსჯელობასაც. 

"მთელი პრობლემა ამაშია, ჩვენ ვცდილობთ, მორალური დილემით და ადამიანურ გრძნობებზე აპელირებით გავამწვავოთ სიტუაცია, არადა რომ დავფიქრდეთ, საიდან გაჩნდა ეს სიტუაცია, ესაა ზოგადად, დაპირისპირების შედეგი.

რომ გადავხედოთ უამრავ პოლიტიკოსს, დაწყებული რიგითი პოლიტიკოსით, დამთავრებული გიორგი რურუათი, მათ წარსულში იმდენი რამ შეიძლება ვიპოვოთ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არასდროს დათანხმდებოდა, რომ ეს ადამიანი იყოს დაუსჯელი მის ქმედებებზე", - თქვა რაქვიაშვილმა.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, თუ რას გულისხმობდა რურუას წარსულში, მან კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა ისტორია და ბევრი ტრაგიკული ნაწილი, რაც გადაილახა ისე, რომ არ დაისაჯა ბევრი ადამიანი.

"მთელი 30 წელი ერთმანეთს ვკლავთ, ციხეში ვსვავთ, ვძარცვავთ და საშინელი ისტორია გავიარეთ. ჩვენ თუ გვინდა იგივე რეჟიმში გავაგრძელოთ, მაშინ არანაირი ამნისტია არ გვჭირდება. ჩვენ თუ გვინდა, გავაგრძელოთ ერთმანეთზე ძალადობა, მაშინ ოქეი. დაპირისპირება როგორ მტავრდება? აი, ომი რომ მთავრდება, ვიწყებთ იმის გარჩევას, ვინ, როგორ და რა გააკეთა? ადამიანები რომლებიც ერთმანეთს კლავდნენ, შემდეგ მშვიდად ცხოვრობენ. ესაა იდეა", - ამბობს რაქვიაშვილი. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

 

 


close დახურვა