გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ "არა ნაცებს" პლაკატების გაკვრა ქართული ოცნების სტანდარტული "ხრიკია". რაქვიაშვილი აღნიშნავს, მსგავსი პლაკატები არის მცდელობა, რომ მთელი ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის კარიკატურული" წარმოდგენის ქვეშ გააერთიანონ.
"მე მგონია , ეს არის სტანდარტული ხრიკი, თუ მეთოდი ქართული ოცნების. ერთი ბოროტი მხარის გამოჩენის, რომელსაც მერე ისინი გმირულად დაამარცხებენ. გარდა იმისა, რომ ზოგადად მართლა ცუდ კონტექსტშია გაკეთებული, იმიტომ რომ ჟურნალისტების მიმართ ორი კვირის წინ იყო ძალადობა, რომელზეც პასუხისმგებელი პირები არ არიან დასჯილები, ეს თავისთავად ცუდ კონტექსტს ქმნის", - განაცხადა დეპუტატმა.
თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.
პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.
მსგავსი შინაარსის ბანერები წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა.