უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით სარაკეტო ტერორისტები უნდა დასაჯოს.
"ჩვენი მტერი თვლის, რომ სარაკეტო დარტყმები დაშინების ეფექტური საშუალებაა. ეს ასე არ არის. ეს ომის დანაშაულია. მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან და შავდებიან. უკრაინამ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით სარაკეტო ტერორისტები უნდა დასაჯოს. და ამას გავაკეთებთ.
რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის საზენიტო და სარაკეტო სისტემების მიწოდება - დაიცავი ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
დღეს დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.