logo
ENG



რესპუბლიკელი სენატორები პრეზიდენტ ბაიდენს მიმართავენ, უკრაინას კასეტური იარაღი გადასცეს

22 მარ 202311:12
3 წუთის საკითხავი
clock 613
2023/03/22/ou0b13hsifaymi9.jpg

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართავენ, რომ უკრაინას კასეტური იარაღი გადასცეს.

წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელი სენატორები, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ურთიერთობების, შეიარაღებული სერვისების კომიტეტების წარმომადგენლები: ჯიმ რიჩი, როჯერ ვიკერი, მაიკლ მაკკოლი, მაიკ როჯერსი.

„გწერთ, რათა მოგიწოდოთ, რომ დაუყოვნებლივ გადასცეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კასეტური იარაღი, როგორიცაა ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული კონვენციური საბრძოლო მასალა (DPICM). ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული თქვენი ადმინისტრაციის მხრიდან მზაობის ნაკლებობაზე, უკრაინას მისცეს სწორი ტიპის და ოდენობის შორი მანძილის იარაღი და მანევრების შესაძლებლობები, რათა შექმნას და გამოიყენოს ოპერაციული გარღვევები რუსეთის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, DPICM-ის და სხვა აღჭურვილობის დროულად გადაცემაზე უარის მყისიერი შედეგები აისახება ბახმუტში და უკრაინის სხვა ადგილებში ბრძოლის ველზე“ - აცხადებენ სენატორები. 

სენატორების თქმით, უკრაინამ აშშ-ს სწორედ DPICM შეიარაღება სთხოვა, რომელიც ეფექტურია, როგორც რუსი სამხედროების ასევე მექანიკური ტრანსპორტის წინააღმდეგაც.

ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა(DPICM) არის საარტილერიო, მიწიდან მიწაზე სასროლი რაკეტის თავი, რომელიც ოპტიმალურ სიმაღლეზე სკდება, რამდენიმე რაკეტად იშლება და სამიზნე მჭიდრო ტერიტორიას ფარავს. ზოგიერთი ასეთი "ქვერაკეტა" შესაძლოა დაგვიანებული რეაქციისთვის იყოს შექმნილი (ნაღმი).

სენატორების აზრით, DPICM გადაცემით, უკრაინა შეძლებს რუსეთის, როგორც სამხედრო პერსონალის ასევე საარტილერიო ტყვია-წამლის კუთხით რაოდენობრივი უპირატესობის კომპენსაციას.

ისინი აცხადებენ, რომ ამ ტიპის შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებული უპირატესობების მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია მათ გადაცემაზე "მოკავშირეებისა და პარტნიორების რეაქციაზე ბუნდოვანი ღელვის გამო" ამბობს უარს.

"სხვა ქვეყნებმა უკვე მიაწოდეს ეს იარაღი, რასაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი რუსული ესკალაცია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მოკავშირეებიც განიხილავენ კასეტური იარაღის მიწოდებას და მოგიწოდებთ, ამ ძალისხმევაში თქვენც ჩაერთოთ" - აცხადებენ სენატორები.

 

 

close დახურვა