ამ წუთებში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. კლინიკიდან ქუჩაში გამოსული პერსონალის მოთხოვნა უცვლელია - შეწყდეს კლინიკის დემონტაჟი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ ისინი რეაბილიტაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა აქვთ შიში, რომ ქვეყანა, შესაძლოა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გარეშე დარჩეს.
"ნებისმიერი ქმედება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ქვეყანა არ დარჩეს რესპუბლიკური საავადმყოფოს გარეშე", - აცხადებენ ექიმები.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".
მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით".