logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი კლინიკასთან აქციას მართავს

02 აპრ 202312:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/02/met7wh0qeqg58gv.png

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება. სოლიდარობის ნიშნად, მედიკოსების პროტესტს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებიც უერთდებიან. რესპუბლიკურის თანამშრომლები მოითხოვენ, რომ შენობის რეაბილიტაცია სამკურნალო პროცესის შეწყვეტის გარეშე მოხდეს.

ექიმებს არ სჯერათ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები, რომ რეაბილიტაციის პერიოდში თანამშრომლებს დასაქმების პრობლემები არ შეექმნებათ. ექიმი, ლალი ჯაფარიძე ამას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობა გონს უნდა მოეგოს.

"როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა? ეს არის ქართული მედიცინის ისტორია და ძალიან ვთხოვ მთავრობას, მოვიდეს გონს, არ შეიძლება ყველაფრის განადგურება, ეს არის ისტორია [...] მე არ ვიზიარებ ამ წინადადებას, ეს არის სრული ტყუილი, მაგათ უყვართ სიტყვა "ეს სიცრუეა", ეს მთავრობა ცრუობს, სად წაიყვანენ ამდენს ექიმს? მე, მაგალითად, სად უნდა წავიდე? წასასვლელი არა მაქვს, უცხო გარემოში არავინ არ მიმიღებს", - განაცხადა მან.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თუ შენობის რეაბილიტაციის პერიოდში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის რომელიმე თანამშრომელს ვერ დაასაქმებენ, მათთვის იმავე ანაზღაურების გადახდას გააგრძელებენ. თუმცა აქვე ის აღნიშნავს, რომ მათ დასაქმებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".


close დახურვა