logo
ENG



რესტორატორი: 1-ლი მარტიდან ვერაფერი გაიხსნება, მარტამდე ვერ მივატანთ

22 იან 202118:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/22/nleswfj4ncyc0ar.png

რესტორატორი ქეთი ბაქრაძე ამბობს, რომ რესტორნებმა მუშაობა შესაძლოა მარტშიც ვერ განაახლონ, ვინაიდან გახანგრძლივებულ შეზღუდვებს სექტორი ვერ გაუძლებს.

შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ბაქრაძემ ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

"ჩვენი ბიზნესი აღარ არსებობს, აქ ციფრებზე კი არ არის საუბარი. რა მექანიზმი, რა გეგმა ექნებათ?! როგორ უნდა გაგვხსნან თავიდან?! ესეც ძალიან ცინიკურია, რომ პირველი მარტიდან გაიხსნება - ვერ გაიხსნება ვერაფერი პირველი მარტიდან იმიტომ, რომ პირველ მარტამდე ვერ მივატანთ.

ძალიან ბევრი რესტორანმა, რომელიც გატანაზე მუშაობდა, უმეტესობამ, თუ არ ვლაპარაკობთ სწრაფი კვების ობიექტებსა და დიდ კორპორაციებზე, იმათმაც კი შეწყვიტეს მუშაობა იმიტომ, რომ მინუსებში წავიდნენ, ხარჯებს ვერ ფარავდნენ და აქ ძალიან ბევრი პრობლემაა და გეგმა არ აქვთ",-თქვა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ რესტორატორებს მთავრობის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა ისინი მათ მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ. მისივე თქმით,  მთავრობას შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმა არ აქვს.

"დღესაც მივიწერე იმ ჯგუფში, რომელშიც არიან მთავრობის წევრები. კომუნიკაცია ნამდვილად გვაქვს, ხმა ესმით-თქო მოგატყუებთ, უფრო ინფორმაციას იღებენ, რა განწყობა გვაქვს, დღესაც კი პასუხი არ გვქონდა",-თქვა ქეითი ბაქრაძემ.

მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა. კერძოდ, აჭარაში, პირველი თებერვლიდან დაუშვებენ კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა, სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა