logo
ENG



რივინა რუსულ კანონზე: რუსეთშიც ამბობდნენ, რომ ამერიკულის ასლი იყო, ეს ტყუილია

25 თებ 202312:27
3 წუთის საკითხავი
 

ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა, რომელიც კრემლმა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა, საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კანონზე საუბრობს და მიუთითებს, რომ თავდაპირველად რუსეთშიც ამტკიცებდნენ, თითქოს, ეს ამერიკული კანონი იყო. რივინამ ამის შესახებ ფორმულასთან ისაუბრა.

"არ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს კანონი რამის გაუმჯობესებისთვისაა მიმართული, კანონს საქართველოში მიიღებენ 100%-ით მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც მათ არ მოსწონთ, ეს იქნება ჯოხის საცემად, ვინც მათ არ დაემორჩილება. რუსეთშიც ყველაფერი ასევე იწყებოდა, ამბობდნენ, რომ ეს ამერიკული კანონის ასლი იყო და არაფერი მასში ცუდი არ იყო, ეს ტყუილია და საქართველოშიც ახლა იტყუებიან. საქართველოს ძალიან უნდა, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს ეს ქვეყანამ, რომელიც აპირებს საზოგადოების დასჯას საერთაშორისო კავშირებისთვის", - განაცხადა მან.

13 თებერვალს ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს - ის ბოლო რამდენიმე თვე საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა ქვეყანა რამდენიმე დღით დატოვა და როცა ერევნიდან ჩამოფრინდა შემოსვლაზე უარი უთხრეს.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.


close დახურვა