logo
ENG



რივინა, რომელიც კრემლმა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა, ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

13 თებ 202322:30
3 წუთის საკითხავი
 

ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას თავად რუსი უფლებადამცველი გამოცემა ხოლოდთან ადასტურებს.

რივინა ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობს. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ის საქართველოში ერევნიდან ჩამოფრინდა და მესაზღვრეების პასუხს თითქმის 3 საათის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა საბოლოოდ ის ქვეყანაში არ შეუშვეს.

რივინას თქმით, საქართველოში ჩამოსვლისას მას ადრეც აჩერებდნენ საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში, თუმცა მოგვიანებით მაინც უშვებდნენ.

ბოლო ინფორმაციით, რივანა თბილისიდან დეპორტაციას ელოდება. ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა რივინასთვის უარის თქმის მიზეზის დასადგენად, თუმცა უწყებაში პასუხი ჯერ არ აქვთ.

ანა რივინას მიერ დაარსებული კრიზისული ცენტრი ძალადობით დაზარალებულ ქალებს ეხმარება. 2020 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რივინას ფონდი არაკომერციული ორგანიზაციების სიაში შეიტანა, რომლებიც "უცხოური აგენტების" ფუნქციას ასრულებენ. 2023 წლის 10 თებერვალს თავად რივინა გამოცხადდა "უცხოულ აგენტად", რომელიც, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში კრემლის მოწინააღმდეგე სხვა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ შემოუშვიათ. გასული წლის 31 იანვარს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს, ასევე 4 თებერვალს არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი იგორ ეფრიმოვი. მოგვიანებით, 17 თებერვალს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა რუს ოპოზიციონერს ანდრეი დავიდოვს. 11 მარტს დამოუკიდებელი, აქტივისტური მედიაჯგუფის, "მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. 19 ივლისს რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 4 სექტემბერს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა კრემლის კრიტიკოსს რუს ფოტოჟურნალისტს ვასილი კრესტიანინოვს. 27 ოქტომბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა თქვა, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. გასული წლის 13 დეკემბერს საქართველოში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი.

 


close დახურვა