სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა. როგორც ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რინკევიჩმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.
"საქართველოს საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენონ, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ სტატუსი", - განაცხადა მან.
ედგარს რინკევიჩმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას სრულად უნდა შეუერთდეს, მათ შორის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
პირველ სექტემბერს ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.