ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარეობის არჩევნები მეორე დღეა მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წარმომადგენელი, ლაშა ფარულავა აცხადებს, მოლოდინი არ აქვთ, რომ მეორე ტური დაინიშნება.
"ჩვენ, ლევან ხაბეიშვილის შტაბს გვაქვს ინფორმაცია, ზუსტი ინფორმაცია, რომ 21 ათასზე მეტმა ჩვენმა გულშემატკივარმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება მყარი, სავარაუდოდ, ციფრებში 30 ათას ხმას ვგულისხმობ. 30 ათასი მხარდამჭერი 30 იანვარს გამოიტანს საკუთარ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ფარულავა.
რაც შეეხება გიორგი მუმლაძის შტაბის წარმომადგენელს, ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ დღეს რეგისტრირებულთა 9%-მა ხმის მიცემა ვერ შეძლო. მისი თქმით, ეს ადამიანები დღის განმავლობაში ხელახლა მიიღებენ ხმის მიცემაში მონაწილეობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ "არჩევნები, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა".
"4 ათასზე მეტმა ადამიანმა, ანუ რეგისტრირებულების 9%-მა ვერ შეძლო ხმის მიცემის დასრულება და დღეს, დღის განმავლობაში ყველა ამ ადამიანს უნდა მიუვიდეს ხელახლა ვერიფიკაციის კოდი. 9%, კარგად მოგეხსენებათ, თუ ვერ შეძლებს ხმის მიცემას, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, არჩევნები არ ჩატარებულა [...] დღის განმავლობაში, ასევე, იყო ჰაკერული შეტევა, მაგრამ როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ვერ შეაღწიეს სისტემაში", - აღნიშნა მან.
პარალელურად, ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრი, ნინო კვიტაიშვილი აღნიშნავს, რომ წინასწარ საუბარი იმაზე, თუ რა მონაცემები არსებობს, "საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობაა", რადგან სისტემაში არ ჩანს, ვინ დააფიქსირა პოზიცია თუ ვის დაუჭირა მხარი.
"ციფრებზე აპელირება და იმის თქმა, რომ 10, 20 თუ 30 ათასი იყო კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი, უბრალოდ არის საზოგადოებაში სიცრუეში შეყვანის მცდელობა. თითქოს, კონკრეტული მონაცემები არსებობს, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერებმა უკვე მისცეს ხმა, ეს ლოგიკას მოკლებულია, ერთი მარტივი გარემოებიდან გამომდინარე - ჩვენ ვერ ვხედავთ არათუ იმას, ვინ ვის მისცა ხმა, არამედ იმასაც, რომელმა ამომრჩეველმა მისცა უკვე ხმა და რომელს არ მიუცია", - განაცხადა მან.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გუშინ 10:00 საათზე თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო. ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია 26 იანვარს 10:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით ხორციელდება - ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.
პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.
9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".
საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.