"მითების დეტექტორმა" 8 ნოემბერს ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის დროს სოციალურ ქსელებში სამთავრობო ტროლებისა და ბოტების აქტიურობა შეისწავლა და 41 ტროლი გამოავლინა. ყალბი ანგარიშები "აქციის მონაწილეების დისკრედიტაციისას შეურაცხმყოფელ და ჰომოფობიურ კომენტარებს იყენებდნენ და პროტესტის ყველა მონაწილეს ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებდნენ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.
8 ნოემბრის აქციის დროს პარლამენტთან შეკრებილმა მომიტინგეებმა, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, ცესკო-სთან გადაინაცვლეს. ადგილზე მისულ მომიტინგეთა ნაწილს ცესკო-ს შენობასთან დიდი რაოდენობით სპეცრაზმელები დახვდნენ. მათ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პოლიტიკური ლიდერებისა და დარჩენილი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა და მომიტინგეების დაშლა ძალადობრი მეთოდებით სცადა. დარბევის დროს დაზიანდნენ ჟურნალისტებიც.
სწორედ მომიტინგეთა დარბევის გამო სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი პროტესტის აკუმულირების პარალელურად დაიწყეს სამთავრობო ტროლებმა აქტიურობა.
"ერთი ნაწილი აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდა, მათ შორის პროტესტის მონაწილეებს ახალი კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებდა; მეორე ნაწილი კი მთავრობის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა, საპროტესტო გამოსვლის ძალადობრივი მეთოდებით დაშლას ამართლებდა და პანდემიის დროს შეკრებასა და ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე აპელირებდა", - წერს მითების დეტექტორი.
მაგალითსითვის, ერთ-ერთი სამთავრობო ტროლი ანგარიშით - "Gvantsa Maglakelidze" წერდა: "ისეთი ხალხია მანდ შეკრებილი, უარესი უნდა მიეღოთ პროვოკატორებს".
"გარეჯის დასაცავად და ტერიტორიების დასაბრუნებლად მაინც გაწირეთ თავი, ნაცხროვას რომ ემსახურებით", - წერდა მეორე.
"მიშას გარეშე არავინ ხართ მართლა", - წერდა მესამე.
სპეცრაზმელების მხრიდან არალეგიტიმური ძალის გამოყენების შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას კრიტიკის და აქციაზე მისვლის შემდეგ, სამთავრობო ტროლებმა მის წინააღმდეგაც დაიწყეს თავდასხმები.
"ნაცომბუდსმენი შეშფოთებულია", - წერდა ერთ-ერთი ტროლი.
ამასთანავე ხდებოდა პროტესტის მონაწილეებს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დადანაშაულება, რასაც თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები არაერთი საჯარო განცხადებით უწყობდნენ ხელს:
"ვინ გიმკურნალებთ ამ გაგანია პანდემიის დროს?", - წერდა ერთ-ერთი სამთავრობო ტროლი.
"დაჯექით ხალხო სახლში, თორე გაწყდა მთელი ერი!!!", - წერდა მეორე.
"ვინც მიდის აქციაზე, მას ჰკიდია პანდემია", - წერდა კიდევ ერთი სამთავრობო ტროლი.
"ტროლები მთავრობის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფებსა და საკუთარ კედელზე აზიარებენ", - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
მითების დეტექტორის ცნობით, გამოვლენილი სამთავრობო ტროლების უმეტესობას სამთავრობო, სახელისუფლებო და ანტილიბერალური გვერდები ჰქონდათ მოწონებული.