„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც რურუა თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის დროს მონაწილეობის მიღება აუცილებელია.
გოცირიძის თქმით, რურუას საქციელი ნამდვილად ღირსეულია, თუმცა მანამ სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულება, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს.
„მისასალმებელია გიორგი რურუას ეს ღირსეული საქციელი. მან მსგავსი განცხადება გააკეთა დაახლოებით ერთი თვის წინ და ვიცით ჩვენ მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - შეთანხმება უნდა შესრულდეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ 24 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. რურუას თქმით, მისი მძევლად დატოვება ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.
გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.
მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.