logo
ENG



რუს დეპუტატ პოპოვს სურს, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფი შეიქმნას

11 მაი 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/11/madph40z42suhsu.jpg

რუსეთის მმართველი პარტიის, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი აპირებს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი წამოაყენოს. ეს განცხადება მან რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

პოპოვის თქმით, ახლა "მეგობრული ჯგუფების" შექმნაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა, ამტკიცებს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა