logo
ENG



რუსეთთან ფრენების გაუქმება, დაკავებულების გათავისუფლება - აქტივისტების მოთხოვნები ოცნებას

20 მაი 202321:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/gjblvc29a12o1vl.jpg

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქტივისტებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმება და ყვარელში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს, რომელიც საღამოს 10 საათზე ამოიწურება.

საქართველო პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

გუშინ, 19 მაისს, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. 

ასევე თელავში დააკავეს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც. 

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს გადახდას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ყოფნა დაუდასტურა. მელია ყვარლის ტბის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, მას იქ პოლიციელები დახვდნენ მობილიზებულები და სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სწორედ აღნიშნულის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში მოქალაქეები და აქტივისტები. 

დღეს საგანგებო ბრიფინგზე კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.


close დახურვა