რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს დილით უკრაინამ მოსკოვის რეგიონზე ტერორისტული თავდასხმა დრონებით სცადა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ უკრაინის 3 დრონი რუსული "ელექტრონული ომის" მოწყობილობებით გაანეიტრალეს.
"დღეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე სამმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა აღკვეთა. ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს ელექტრონული ომის საშუალებით, რის შედეგადაც მათ დაკარგეს კონტროლი და ჩამოვარდნენ" - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
სამინისტროს თქმით, "ჩავარდნილ ტერორისტულ თავდასხმას" ზიანი არ მოჰყოლია და შედეგად არავინ დაშავებულა.
დღეს დილით რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის სიახლოვეს 3 დრონი ჩავარდა.
გამოცემა Baza-ს ცნობით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი სოფელ ლუკინოსთან აფეთქდა, რომელიც მოსკოვის სამხრეთით, დაახლოებით 13 კმ-ში მდებარეობს. დანარჩენი ორი დრონი კი ნარო-ფომინსკის რეგიონში სამხედრო ბაზასთან ახლოს ჩავარდა.
მოგვიანებით დრონების ჩამოვარდნა დაადასტურა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმაც.
ვორობიოვმა სოციალურ ქსელში ნარო-ფომინსკიში, სოფელ კალინინეცში შემთხვევის ადგილას გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში ბოლო კვირებში დრონებით თავდასხმები გახშირდა. თავდასხმები ძირითადად ბელგოროდის რეგიონში ხდება.
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს არ ადასტურებს და შიდა წინააღმდეგობის ძალებზე მიუთითებენ. მაისში უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.
რეგიონებზე თავდასხმის გარდა რუსეთი უკრაინას კრემლზე დრონებით თავდასხმაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიზანი პრეზიდენტი პუტინის მკვლელობა იყო. უკრაინა ამ ინციდენტში მონაწილეობასაც უარყოფს.
30 მაისს რუსული მედია წერდა, რომ უკრაინიდან მოსკოვის რეგონზე დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. მედიის ცნობით, უკრაინამ დაახლოებით 25 დრონი გამოიყენა, რომელთა ნაწილი რუსეთმა გაანეიტრალა. ამ დრონების უმეტესობა მოსკოვის რეგიონის ისტრას, კრასნოგორსკისა და ოდინცოვოს დასახლებებში ჩავარდა.