logo
ENG



რუსეთის დუმამ ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამის აკრძალვაზე კანონი მიიღო

28 თებ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/28/05t0nd22orkczwl.png

რუსეთის სამთავრობო, პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო TACC-ის ინფორმაციით, რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ე.წ. უცხოურ აგენტებად გამოცხადებულ პირებსა და ორგანიზაციებს რეკლამის განთავსება ნებისმიერ საინფორმაციო რესურსზე ეკრძალებათ.

კანონით, ასევე, იკრძალება ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამირებაც.

წესის დარღვევის შემთხვევაში პასუხისგებაში როგორც რეკლამის განმთავსებლები, ასევე, გამავრცელებლებიც მიეცემიან.

კანონპროექტი, რომელიც "რეკლამის შესახებ" კანონს დაემატა, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით 395-მა დეპუტატმა წარადგინა. როგორც ვოლოდინი ამბობს, რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე წესები "ნებისმიერ პლატფორმას - ვებსაიტებს, ბლოგებსა და სოციალურ ქსელებს" ეხება. მისი მტკიცებით, დაუშვებელია, რეკლამიდან შემოსავალს იღებდნენ "უცხოელი აგენტები", რომლებიც "არ მალავენ, რომ თანხებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სწირავენ".

კანონის თანახმად, წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 50 000 რუბლი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 000 რუბლამდე იქნება. გარდა ამისა, წლის განმავლობაში კანონის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.


close დახურვა