logo
ENG



რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა

27 აგვ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/27/dl4usdys07w10ms.jpg

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა - უწყება აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ათივე ადამიანის ვინაობა გენეტიკური ტესტით დადასტურდა.

23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა