რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების საწინააღმდეგო აქციებზე 1 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია OVD-info ავრცელებს.
ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ეს "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე ნავალნის მომხრეებმა, რუსმა ოპოზიციონერებმა და ანტისაომარი მოძრაობის აქტივისტებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ ქუჩაში გასულიყვნენ. აქციები რუსეთის 40-მდე ქალაქში გაიმართა.
BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ წინა წლების აქციებთან შედარებით, ამჟამად პროტესტი მრავალრიცხოვანი არ ყოფილა, თუმცა პოლიცია დემონსტრანტებს სასტიკად ექცეოდა.
აქციის დაწყებამდე მოსკოვის პროკურატურამ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობის შესახებ პასუხისმგებლობაზე მიუთითა. უწყებაში განაცხადეს, რომ მსგავსი აქციებისკენ მოწოდება და მონაწილეობა 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
სანქტ-პეტერბურგში მობილიზაციის მოწინააღმდეგეები ისააკის ტაძართან შეიკრიბა. ამის შემდეგ პოლიციამ მათ ალყა შემოარტყა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციელები დაკავებების დროს მომიტინგეებს რეზინის ხელკეტებს ურტყამდნენ.
უკვე შუაღამისთვის მოსკოვსა და პეტერბურგში 1000-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული.
ეკატერინბურგში აქციის ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - ძალადობის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. ჯამში ქალაქში 40-მდე პირი დააკავეს.
ჩელიაბინსკში დაკავებულია დაახლოებით 30 მომიტინგე, პერმსა და უფაში - 20-20.
დაკავებები იყო კრასნოიარსკში, ტვერში, ვორონეჟში, კრასნოდარში, სარატოვში, კალინინგრადში, პეტროზავოდსკში, ირკუტსკში და სხვა.