logo
ENG



რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრება დაიწყო

31 ოქტ 202119:21
3 წუთის საკითხავი
 
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრება დაიწყო
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

​რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრება დაიწყო. 

პარლამენტის წინ არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის, მერობის კანდიდატი, ნიკა მელიაც. ასევე მათი მხარდამჭერები. 

ისინი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ეთანხმებიან, გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამომრჩევლის ხმებს დაიცავენ.

დღევანდელ აქციაზე ისინი გეგმავენ, მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნონ.  

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა