ცნობილია, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ გამოცხადდება თუ არა მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ საკარანტინო ზონად რუსთავი ჯერჯერობით უცნობია. საკრებულოს დეპუტატის გარდა, ინფიცირებულია მისი დედაც და მამაც. ცოლი და 2 შვილი კი ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
როგორც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, დღეის მდგომარეობით შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილია 50 კონტაქტი.
„როდესაც დედას დაუდასტურდა, შვილის დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე. დღესდღეობით 50 კონტაქტია ისეთი, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს რისკის მატარებლად. თუმცაღა, ახლო კონტაქტების რაოდენობა არის 20 ადამიანი. მეორახარისხოვანი კონტაქტების მოძიება დამთავრდება დღეს და გვეცოდინება სულ ჯამში რამდენ ადამიანთან კონტაქტი როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში“, - განაცხადა ტაბაღუამ.
სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი საკრებულოს დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კონტაქტების 90%, სადაც შესაძლო რისკები არსებობს, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
„ოჯახიდან ასევე გადაყვანილ იქნა ჩვენი საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვი. მათ ჩაუტარდება ანალიზი და დღესვე იქნება პასუხი. სიცხე აქვს მეუღლეს. შვილებს არ აქვთ, მაგრამ მაინც გადაყვანილები არიან. ამ კონტაქტებიდან გუშინ 90% წრის სადაც შესაძლო რისკებია არის შესწავლილი და ადამიანები თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თვდაპირველად კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დედას დაუდასტურდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვირუსი საკრებულოს წევრსა და მის მამასაც აღმოაჩნდათ.
ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. აქედან, გამოჯანმრთელებულია 27 პირი.