logo
ENG



რუსთავის ციხესთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

04 ოქტ 202114:21
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

აქცია 15:00 საათზე უნდა დაიწყოს. ადგილზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები. როგორც ცნობილია, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე ფორმულასთან ამბობს, ეს არის პირველი აქცია და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პროტესტი ყოველდღე, სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მისი დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ. კომენატარი ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია ზელენსკის პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.


close დახურვა