ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"დღეს დილით, ოკუპანტებმა ხერსონის საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუხსნეს. მტრის საარტილერიო დარტყმის ქვეშ სამოქალაქო ობიექტები აღმოჩნდა", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
პროკუდინის თქმით, რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად განადგურდა კერძო სახლები, საბავშვო ბაღი და საგანმანათლებლო დაწესებულება. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 27 წლის კაცი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.