logo
ENG



რუტე: საქართველოს შემთხვევაში მეტი საქმეა გასაკეთებელი, ის ერთი ნაბიჯით უკანაა

23 ივნ 202221:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/23/10msb1ljlx05m4l.jpg

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტემ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საბჭო სავარაუდოდ გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციას და საქართველოს არ მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ის "ერთი ნაბიჯით უკანაა".

რუტეს თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და აპირებს იმუშაოს ქვეყანასთან, რათა მივიდეს იმ დონემდე, როცა საბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეძლებს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს. მე ვფიქრობ, ყველა ვეთანხმებით ევროკომისიას, რომ არის მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მოლდოვისთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის და რომ ყველა მათგანს კვლავ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს - იმისთვის, რომ მივიდეს კანდიდატის სტატუსამდე.

საკმარისი საქმე გაკეთდა მოლდოვისა და უკრაინის მხრიდან კანდიდატის სტატუსისთვის, მეტი საქმეა გასაკეთებელი საქართველოს შემთხვევაში მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ამბიციები მკაფიოდაა აღნიშნული და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. ასევე ორმხრივად ნიდერლანდები მუშაობს რამდენიმე პროგრამაზე საქართველოსთან ერთად, რათა დაეხმაროს მათ, რომ მივიდნენ იმ დონემდე, სადაც ჩვენ შევძლებთ კანდიდატის სტატუსის მიცემას“ - განაცხადა რუტემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიიღებს საქართველო სტატუსს დღეს, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან შედარებით მოლდოვამ და უკრაინამ მეტ პროგრესს მიაღწიეს, საქართველოზე კი შეიძლება ითქვას რომ აქვს კანდიდატობის პოტენციალი, თუმცა ერთი ნაბიჯით უკანაა.

რუტემ აღნიშნა, რომ ევროპა ხედავს და აღიარებს საქართველოს ევროპულ ამბიციებს, თუმცა ამავდროულად მას ეუბნება რომ მეტის გაკეთებაა საჭირო.

„კომისია ძალიან მკაფიო იყო ამაზე და ვფიქრობ, ჩვენ ყველა მივყვებით კომისიის რეკომენდაციას, რომელიც ერთი მხრივ, მოლდოვასა და უკრაინაზე ამბობს, რომ მეტი პროგრესი იქნა მიღწეული - საკმარისი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყებად კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს. საქართველოზე კი შეიძლება ითქვას, რომ ის ერთი ნაბიჯით უკანაა, იმ მხრივ, რომ იქ არის კანდიდატის სტატუსის პოტენციალი.

მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. ასე რომ, მე რომ ქართველი ვიყო დღეს... იმედი მაქვს ხალხი ხედავს, რომ არის მკაფიო ერთგულება ევროპისგან, რომ აღიაროს [საქართველოს] ევროპული ამბიცია, თუმცა ასევე ეუბნებიან საქართველოს, რომ ცოტა მეტის გაკეთებაა საჭირო“ - განაცხადა რუტემ.

23-24 ივნისს, ევროკავშირის სამიტზე ევროპული საბჭო უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ევროკომისიამ 17 ივნისს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. 

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს.


close დახურვა