საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ „გაზპრომთან" ხელშეკრულება განაახლა. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება აპრილში მოხდა და ძალაში წლის ბოლომდე იქნება. თუ რა ტარიფით განახლდა ხელშეკრულება ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს დოკუმენტი, რადგან მსგავსი ხელშეკრულება გამჭირვალე უნდა იყოს.
ექსპერტის გიორგი რუხაძის განცხადებით, რუსეთი ბუნებრივ აირს პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ეს არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში ხდება.
„როდესაც გაზპრომთან გვაქვს საქმე, საფრთხე მგონი, ყველასთვის გასაგებია. რუსეთი, ზოგადად ყველასთან მიმართებაში, ბუნებრივ აირს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. აქედან გამომდინარე, სიფრთხილეა საჭირო რაოდენობებთან. ასევე, ჩვენ არ გვაქვს ფული, რომ გავფლანგოთ და წამგებიან ხელშეკრულებას, რომელიც მაგალითად შარშან იყო, ხელი არ უნდა მოვაწეროთ. ევროპული სტანდარტია, რომ ასეთი ხელშეკრულებები იყოს გამჭირვალე“, - განაცხადა რუხაძემ.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებლის თეონა აქუბარდიას თქმით კი, შესაძლებელია, ქვეყანა გაზში პოლიტიკურ ფასს იხდიდეს.
„ხელშეკრულების ცვლილებებით საქართველომ იზარალა. გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი ფასის გადახდა გვიწევს. თუმცა, ამ შემთხვევაში, სწორედ ის, რომ კონტრაქტირ პირობები დახურულია და არ გვაქვს ინფორმაცია რა ფასში ვყიდულობთ, ერთის მხრივ, ეს გამჭირვალობის კუთხით პრობლემაა. შესაძლებელია იყოს, გარკვეულწილად, პოლიტიკური ფასი. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის ფასი საქართველოზე არ იყო დამოკიდებული და ჩვენ გაგვიძვირდა ეს ფასი. დღეს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა ფასს ვიხდით ამაში“, - განაცხადა აქუბარდიამ.
ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით „ფორმულასთან" განმარტებას არ აკეთებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.
ბოლოს საქართველომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება 2017 წელს განაახლა, როდესაც შეიცვალა ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი და სომხეთის გავლით მიღებული ბუნებრივი აირი ჩანაცვლდა ფასით მიღებული ბუნებრივი აირით ანუ 10%-ს საქართველო იღებდა იმ სატრანზიტო მაგისტრალის გამო, რომელიც სომხეთის გავლით გადის, ეს 10% ჩანაცვლდა ფინანსური ანაზღაურებით. მაშინ ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ამ პუნქტის შეცვლით საქართველომ იზარალა.