logo
ENG



სააკაშვილზე სადეპუტატო კითხვით იუსტიციის მინისტრს მიხეილ სარჯველაძემ მიმართა

06 ნოე 202113:34
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილზე სადეპუტატო კითხვით იუსტიციის მინისტრს მიხეილ სარჯველაძემ მიმართა
ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თხოვნით წერილობით მიმართა. მისი თქმით, წერილის მიზანი სააკაშვილის მდგომარეობის გარშემო არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაა.

კითხვების ძირითადი ნაწილი მიემართება იმას, თუ რა მდგომარეობაა ბრალდებულისა და მსჯავრდადებულის უფლებების განხორციელების კუთხით. კერძოდ, როგორია პატიმარი სააკაშვილის საცხოვრებელი პირობები საპატიმროში, სარგებლობს თუ არა ის მიმოწერის, ასევე სატელეფონო საუბრის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე წვდომის და სხვა მისთვის მინიჭებული უფლებებით და დაფიქსირებულა თუ არა ამ და სხვა უფლებრივი მიმართულებებით საჩივრები პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველთა მხრიდან.

წერილში ასევე არის კითხვები იმაზე, დაირღვა თუ არა მისი რომელიმე უფლება და იმყოფება თუ არა ექსპრეზიდენტი ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა პატიმრებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში. ასევე განხორციელდა თუ არა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის წინააღმდეგ კოდექსით გათვალისწინებული რაიმე ტიპის შემზღუდველი ღონისძიება და რა იყო ამის მიზეზები.

კითხვების დიდი ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. სარჯველაძე ინტერესდება, არის თუ არა პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფილი შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებით და სამედიცინო აპარატურით, რათა პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

დეპუტატი ითხოვს ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, შიმშილობით გამოწვეულ შესაძლო გართულებებსა და სპეციალური სამედიცინო პერსონალის ჩარევის აუცილებლობაზე. ის ასევე დაინტერესებულია, რამდენად არსებობს სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა. მისი პენიტენციურ დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ადეკვატური და სათანადო მკურნალობა და იქნება თუ არა სამართლებრივი გარანტიები პატიმრის უსაფრთხოებისა და სხვა უფლებების დასაცავად.

„აქვე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობის შესახებ. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმარმა შეიძინა გარკვეული პროდუქტები, ასევე, რომ მოხდა ექიმების მიერ რეკომენდებული გარკვეული პრეპარატების მიღება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ვადებზე, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ფლობდეს ამ საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას“, - ვკითხულობთ სარჯველაძის წერილში.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

სახალხო დამცველის აპარატმა N18 სამკურნალო დაწესებულება 3 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ დაწესებულება სრულად კვლავ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა