logo
ENG



სააკაშვილი: არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე

21 ნოე 202210:40
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ადვოკატებისთვის არასდროს უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის Facebook-ზე განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე "სპეკულაციები უადგილოა".

"მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას", - წერია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტები მიუთითებენ, რომ ის მოწამლულია - გელბახიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იძლევა ამის თქმის საფუძველს, ვინაიდან სხვა დაავადებები ამგვარად არ განვითარდებოდა.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში ნივთიერება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა მოხვედრილიყო, თუმცა უცნობია, რა გზით.

ამას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არ მიუღიათ და "ყველას მოუწოდებენ, ამ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ".

ამასთან, როგორც 20 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, 21 ნოემბრის დილას სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავენ, რათა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა გაკეთდეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს.


close დახურვა