logo
ENG



სააკაშვილი: ბუკის სისტემები პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით მინიმალურ ფასში ვიყიდეთ

10 იან 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
UPI PHOTO/SERGEY STAROSTENKO

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ უკრაინისგან ბუკის სისტემები პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს დახმარებით "მინიმალურ ფასად იყიდა" და ახლა "უკრაინისთვის ბუკის სისტემების გადაცემაზე უარი სირცხვილია".

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის გარდა ამერიკასაც უთხრა უარი ჯაველინების უკრაინისთვის გადაცემაზე, რაც მისი თქმით ღალატია, რომელიც „მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში”.

“სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!

პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში.“ - წერს სააკაშვილი.

გუშინ, 9 იანვარს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.

გარდა "ბუკის" სისტემებისა, კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

კასიანოვის სტატიას ქართული ოცნების წევრებისგან კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ სამხედრო აღჭურვილობაში "მილიარდებია გადახდილი", რომ ანდრიი კასიანოვი "არაადეკვატურია თავის მოქმედებებში"  და "საერთოდ, რასაც იგი [კასიანოვი] დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ".

ოცნების წვერმა გივი მიქანაძემ კი განაცხადა, რომ "ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საქართველო რაღაცნაირად აი, ამ [უკრაინის] ომში იყოს ჩათრეული".

დღეს, 10 იანვარს თავდაცვის სამინისტრო ბუკის სისტემებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს უკრაინისგან "უსასყიდლოდ" არ მიუღია. მათი თქმით, "ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების" მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

close დახურვა