logo
ENG



სააკაშვილი: მტრის ჯინაზე არ მოვკვდები - დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ საქართველოს გამარჯვება

05 ნოე 202114:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს და ერთიანობისკენ მოუწოდებს. 

წერილში, რომელიც ჟურნალისტებს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გააცნო, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საპროტესო აქციები ბევრ ადგილას გაიმართოს.

ამასთან ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მხარს უჭერს ოპოზიციურ კოალიციას.

"ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ, ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა.

მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ ჯერ მოაწყო აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისაკენ

რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად? იმიტომ რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინდა უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.

საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება. რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ", - წერს სააკაშვილი. 

ყოფილი პრეზიდენტი სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილეებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.

"ახლა მთავარია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა - ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. 

ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება - საქართველოს გამარჯვება.

ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, არ დამვიწყებია და რა დამავიწყებს ელენე შენს სახელს, ასევე პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის შიმშილობის მონაწილეებს.

ყველა მოშიმშილეს მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია", - აღნიშნავს სააკაშვილი. 

მისივე თქმით, შაბათს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა.

"შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა - რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არცერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელის ჩაყოფა, სიღაკატე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან", - წერს სააკაშვილი წერილში.

ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას ხვალ 6 ნოემბერს თბილისში გეგმავს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ომბუდსმენმა N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ 4 ნოემბერს შეამოწმა. 

მათი ცნობით, დადებითი ცვლილებები არის, თუმცა დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.  


close დახურვა