თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია 6 ნოემბერს, შაბათს გაიმართება. ინფორმაცია ფორმულას ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქცია 7 ნოემბერს გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ოპოზიციის წევრებს თარიღი შეეშალათ.
ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაზე დღეს, 31 ოქტომბერს რუსთაველის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მათი ცნობით, აქციები კვირის დღეებში რეგიონებში, დასკვნითი კი შაბათს, თბილისში გაიმართება.
***
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.