საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ "მოსამართლეთა კლანის" წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესონ.
"მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ. ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერლპთ. ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის", - ამბობს სააკაშვილი.
მოსამართლეების ნაწილი იმ კოლეგების წერილს გაემიჯნა, რაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა.
გუშინ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და საელჩოებს "ვენის კონვენციის პატივისცემისკენ" მიუთითებს.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. მათ მიერ სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.
ამასთან, მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა საზოგადოების ყურადღება მუნიციპალურ არჩევნებზე იყო გადატანილი.
აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე.
კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმაც.