logo
ENG



სააკაშვილის ადვოკატი: 1 კვირაა, მივარდნილია, კიდურების გაუსაძლისი ტკივილი აქვს

27 თებ 202313:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/gwoqb3iq2xumivi.png

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტ უკვე რამდენიმე დღეა კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს და საწოლიდან ადგომა უჭირს. ილია ლომიას თქმით, სააკაშვილთან მათი ვიზიტები მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება.

"დაახლოებით, 1 კვირაა, 7 დღეა მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაშია, საუბრის უნარიც არ აქვს. ერთ მხარეს არის წამოწოლილი ლოგინზე, გადმოტრიალების უნარიც და სურვილიც არ აქვს. გადაცემებს ადევნებდა თვალს და ამის სურვილიც არ აქვს. ჩვენი ვიზიტები ძალიან მოკლე, რამდენიმე წამიანია. კიდურების ტკივილი აქვს გაუსაძლისი, ამიტომ მედპერსონალი აძლევს ტკივილგამაყუჩებელს", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სწრაფი კახექსიის პროცესი დაეწყო - მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა