მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის კადრების გასაჯაროებაზე ნებართვა არავის აუღია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ მოიპოვა იუსტიციის მინისტრმა ეს კადრები.
"ნებისმიერი კადრების გასაჯაროების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირისგან, ვის კადრებსაც ასაჯაროებენ. ისინი უნდა მოსულიყვნენ კლინიკა ვივამედში და ბატონი სააკაშვილისგან აეღოთ უშუალოდ ნებართვა. ასეთი რამ განხორციელებული არ ყოფილა. ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რაც გათვალისწინებულია გარკვეულწილად ადმინისტრაციული წესით და გარკვეულწილად სისხლის სამართლებრივად დანაშაულია. ეს კონკრეტული ქმედება გახლავთ სისხლის სამართლებრივად დასჯადი. ამიტომ, მივმართავთ როგორც პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყონ გამოძიება. უკვე მესამე შემთხვევა იყო სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მისი ნებართვის გარეშე... საჩივარი შევა იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, დაიწყოს გამოძიება გაარკვიონ, რა მოხდა. რატომ არ მოხდა პროცესზე სააკაშვილის გადმოყვანა და მეორე - რანაირად მოხვდა ეს კადრები იუსტიციის მინისტრის ხელში. ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს"- თქვა ხაჭაპურიძემ.
გუშინ, 14 დეკემებერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.
დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კადრების გასაჯაროების შესწავლა დაიწყეს.