პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხელ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, "სამსახური საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს".
"2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული იქნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს"- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 14 დეკემებერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.