ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაცია იგეგმება. ამაზე მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ისაუბრა.
კერძოდ, სააკაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილი პროვოკაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობას რუსეთი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვს, რასაც ხელისუფლება დათანხმდება.
"მაქვს ინფორმაცია. საუბარია გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ამავე დროს, გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა. ეს არის, რაც იგეგმება", - ამბობს ის.
სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ნიშნავს.
თქვენ იცით, რომ უკრაინას ელაპარაკებიან ახლა ნეიტრალიტეტზე, მაგრამ უკრაინის ნეიტრალიტეტი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. უკრაინის ნეიტრალიტეტი - ეს არის კარგად, მაგრად შეიარაღებული უკრაინა ამერიკით და უსაფრთხოების გარანტიებით, ჩვენი ნეიტრალიტეტი - ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება. აი, ეს გეგმა მზადდება", - თქვა სააკაშვილმა.