logo
ENG



სააპელაციომ დავით კეზერაშვილის საქმეზე დანიშნული სხდომა 24 იანვრამდე გადადო

05 დეკ 202221:45
3 წუთის საკითხავი
 
სააპელაციომ დავით კეზერაშვილის საქმეზე დანიშნული სხდომა 24 იანვრამდე გადადო

სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე ხვალ, 6 დეკემბერს დანიშნული სხდომა 24 იანვრისთვის გადადო. დანიშნული სხდომის გადადების მიზეზად სააპელაციო სასამართლომ 3-კაციანი კოლეგიიდან ერთ-ერთი მოსამართლის ქალაქში არყოფნა დაასახელა.

ადვოკატების აზრით, სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.

მოვლენების მსგავსი განვითარებისა და იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, ფორმულას შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს. ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ადვოკატებისა და მედია ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანიც - ჩაახშოს დამოუკიდებელი მედიის ხმა.

"საქმეს გააჩნია ერთადერთი ინტერესი და ეს ინტერესი არის ტელეკომპანია ფორმულა, რადგანაც ის სერიოზულ პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ხელისუფლება. შესაბამისად მთელი ის კამპანია, რომელიც წარმოებულია თავისუფალი მედიების წინააღმდეგ საქართველოში, ეს იქნება ტელეკომპანია მთავარი და მისი დირექტორის გაუგონელი ბრალდებით დაპატიმრება, თუ ეს იქნება ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიება და სამართლებრივი დევნა, სწორად თავისუფალ მედიას უკავშირდება. ამ საქმის მნიშვნელობა სწორედ ასეთი არის", - თქვა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ.

29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

 

 
 
 

close დახურვა