არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩებნო პროცესში მოჭიდავეების ჩართვის საკითხს ეხმაურებიან.
როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, მმართველი გუნდის მიერ ზონდერთა ჯგუფის შექმნა არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არსებობს, რადგან ხელისუფლებას ზონდერები არაერთხელ გამოუყენებია და მაგალითად კორცხელის ინციდენტი მოჰყავს.
"არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში შეინიშნებოდა ხელოვნური მობილიზება კონკრეტული ჯგუფების. იგივე კორცხელის ინციდენტი, რომელიც გამოირჩეოდა ძალადობრივი ხასიათით და შემდეგ მასზე, სახელმწიფოს რეაგირების სისუსტით და პოლიტიკური ნების არ ქონით, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლენილიყვნენ. მსგავსი ექსცესები არ უნდა მოხდეს, რადგან ეს საარჩევნო გარემოს და მის ლეგიტიმაციას საფრთხეს უქმნის. ხელისუფლებამ მსგავსი შემთხვევები მომავალში თავიდან უნდა აიცილოს“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.
"ჩვენი დამკვირვებელი მათ შორის ესაუბრა ამ პირებს, ვინც საუბრობენ, რომ ისინი დაიბარეს და მათთან კონკრეტული შეთავაზებები ჰქონდათ. თუ ეს ფაქტები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა და გამოწვევა შეიძლება იყოს ამ არჩევნებზე. ცხადია, რომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და უნდა მოხდეს გამოძიება. ეს საკმაოდ სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - აღნიშნა ბენიძემ.
ამავე თემაზე: სახელმწიფო ხაზინიდან ჩარიცხული ფული და აჭარის მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული კონსპირაციული შეხვედრები პოლიციის მთავარ სამმართველოში. რას სთავაზობდნენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამა და პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი, მოჭიდავეებს არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ - დროების ექსკლუზივი.