logo
ENG



საბანაძე: იმედია მოლაპარაკებები გაგრძელდება, ქვეყანა გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს

22 მარ 202118:47
3 წუთის საკითხავი
 
საბანაძე: იმედია მოლაპარაკებები გაგრძელდება, ქვეყანა გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე ეხმაურება რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოში ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი შესაძლოა ისევ ჩამოვიდეს და იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაგრძელდება. 

დიპლომატმა Twitter-ზე იოზვაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა და დაწერა:

"ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს", - წერს ნატალია საბანაძე. 

იოზვაკის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. ამასთან, ჯერ უცნობია როდის დაბრუნდება ევროპელი დიპლომატი საქართველოში. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა. როგორც მაშინ დანიელსონი ამბობდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მომხდარიყო. 

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

რაც შეეხება თავად საბანაძეს, მან ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ დატოვა.

 


close დახურვა