logo
ENG



საბერძნეთის მთავრობამ 1 000-მდე მიგრანტი გასაბერი ნავებით თურქეთის საზღვართან დატოვა - NYT

17 აგვ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 
wn3ejxq1xpn54d4.jpg

გამოცემა New York Times-ის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ 1 000-მდე მიგრანტი საპატიმროებიდან მოიტაცა, გასაბერი ნავებით ბერძნული წყლების უკიდურეს საზღვარზე გაგზავნა და იქ მიატოვა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-იც ადასტურებს.

ტაიმსმა ინფორმაცია მრავალი წყაროს გამოყენებით დაამუშავა, მათ შორის, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანიზაციების ცნობებზე დაყრდნობით. მათ აღმოაჩინეს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბერძნეთის ხელისუფლებამ 30-მდე მსგავსი "გადასახლების ოპერაცია" განახორციელა. 

ნაჯმა ალ-ხატიბი, 50 წლის სირიელი მასწავლებელი ტაიმსთან ჰყვება, როგორ მოიტაცეს იგი, სხვა მიგრანტებთან ერთად, სახედაფარულმა ძალოვანებმა შუა ღამით როდოსის კუნძულზე მდებარე საპატიმრო დაწესებულებიდან. მისი თქმით, გატაცებულები საჭისა და ძრავის არმქონე ნავებში ჩასხეს, რომლებშიც მათ მომავალი რამდენიმე საათი გაატარეს, სანამ თურქეთის სანაპირო დაცვამ არ მიიყვანა ისინი ნაპირამდე.  

"სირია დაბომბვის შიშით დავტოვე, მაგრამ როცა ეს მოხდა, ვინატრე, ნეტა დაბომბვის დროს მოვმკვდარიყავი-მეთქი", - უთხრა ალ-ხატიბმა ტაიმსის ჟურნალისტს. 

რამდენიმე თვის წინ Guardian-მა მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, თუ როგორ ემზადებოდა საბერძნეთის ხელისუფლება თურქეთიდან ლტოლვილების მზარდ ნაკადთან გასამკლავებლად. 

მიმდინარე წლის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროკავშირს დაემუქრა, რომ ასობით ათას მიგრანტს გზას ევროპისკენ გაუხსნიდა. 

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს ინფორმაციით, ერდოღანის მუქარის პარალელურად საბერძნეთის ხელისუფლებამ სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება დაიწყო. 

თუმცა, ტაიმსის მტკიცებით, მიგრანტების ღია ზღვაში მიტოვება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. 

"ადამიანის უფლებების მიმართულებით ჰუმანიტარულ კატასტროფასთან გვაქვს საქმე", - ასე აფასებს გაეროში ადამიანის უფლებების საკითხებზე ყოფილი მომხსენებელი ფრანს კრეპო

საბერძნეთის ხელისუფლება ამ დრომდე უარყოფს მიგრანტების უკანონო გაძევების პროცესში მონაწილეობასა და მის ორგანიზებას. 

"საბერძნეთის ხელისუფლება არ არის ჩართული მსგავს იდუმალ მოქმედებებში", - განაცხადა მთავრობის სპიკერმა სტელიოს პეცამ - "საბერძნეთს სუფთა წარსული აქვს საერთაშორისო ნორმების, პროტოკოლისა და კონვენციების დაცვის მიმართულებით. მათ შორის, მიგრანტებისა და ლტოლვილების საკითხებში". 


close დახურვა