logo
ENG



საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

04 მაი 202112:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/04/wg9kfyz3dk801bo.jpg

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, ღიბრაძის თქმით, პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

"მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები", - განაცხადა ღიბრაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ე.წ მწვანე პასპორტებზეც იმსჯელეს, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი", - თქვა ღიბრაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 45 344 ადამიანია აცრილი.

ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი, ასტრაზენეკა და ჩინური სინოფარმი, რომელსაც ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამ ვაქცინით დღეს საჯაროდ აიცრა და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა. 

ნახეთ, რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე.


close დახურვა