საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოყენებული.
მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება", - აცხადებენ სამინისტროში.
ქაბულში საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. როგორც თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, ავღანეთი მათ უკრაინული ბორტით უნდა დაეტოვებინათ, თუმცა აეროპორტში მისვლა მათ ვერ მოახერხეს.