logo
ENG



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აირზენა საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას აპირებს

17 მარ 202008:23
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2 კვირით ვერც ერთი ქვეყნის მოქალაქე ვერ შემოვა. მსოფლიოში მიაჩნიათ, რომ  კორონავირუსის ახალი ტალღა მომდევნო ორ კვირაში იქნება. ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

„ფორმულას“ კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა ევროპის ქვეყნებში დარჩენილ მოქალაქეებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ შენგენის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ 3 თვიანი ვადის გადაცილების შემთხვევა საპატიოდ ჩაითვალოს.

ალექსანდრე ღვთისიშვილი  ევროპაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ფრენებს თვალი ადევნონ. საჭირეოების შემთხვევაში კი კომპანია აირზენა მზადაა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები განახორციელოს. 

„მთელი მსოფლიო ელოდება, რომ იქნება კრიტიკული ფაზა. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომა, რომ ორკვირიანი ვადა თვითონაც შემოიღოს. ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ, რომ სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, საპატიოდ იქნეს ჩათვლილი ის დარღვევები და ძალიან მალე შედეგებსაც განახებთ. რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ძალიან სამწუხაროა, რომ მათ გადაწყვეტილების მიღება ცოტა დააგვიანეს. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება რეისები, რომლებიც არის ცოცხალი და რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ. დიდი ბორტით აპირებს „აირზენა“ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას. თუ საჭირო შეიქმნება კიდევ ერთხელ ჩავა „აირზენა“ და თვითონ კომპანიაც გვერდით გვიდგას“, - განაცხადა ღვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 პირი.

ამ მომენტისთვის ევროპის არაერთ ქვეყანაში იმყოფებიან საქართველოს მოლაქეები, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, უთავდებათ ფული და საკვები. გარდა ამისა, ვადა გასდის 90-დღიან ევროპაში ყოფნის ვადას. 


close დახურვა