logo
ENG



სადღესასწაულო შეზღუდვების გაუქმება არალოგიკურია - გოცირიძე შერჩევით მიდგომაზე საუბრობს

27 ნოე 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ფორმულასთან მთავრობის მხრიდან შერჩევით მიდგომაზე საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დასვენების დღეები მხოლოდ ერთი რელიგიის წარმომადგენლების დღესასწაულს, კერძოდ, მართლმადიდებლების მიერ შობის აღნიშვნას ეხება. 

რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ მისმა ეკლესიამ ღვთისმსახურება 3 კვირის წინ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულების ყოველდღიური მაჩვენებელი 1000-ს გადასცა. 

ეპისკოპოსის თქმით, მან მრევლს, უსაფრთხოების მიზნით, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ღვთისმსახურება ონლაინ რეჟიმში გადაიცემა. 

"გარდა იმისა, რომ პრემიერის რიტორიკაში არ გაჟღერებულა ის, რომ ის არის მრავალფეროვანი მოსახლეობის ხელისუფლების წარმომადგენელი და არ გაჟღერებულა ის, რომ მისთვის მხოლოდ ერთი რელიგიური თემი არ არის მნიშვნელოვანი, ზოგადად სხვა მხრივ ამ სადღესასწაულო რეგულაციების გაუქმება ვერცერთ ლოგიკაში ვერ ჯდება. ჩემმა ეკლესიამ ღვთისმსახურება შეაჩერა უკვე 3 კვირაა, მას შემდეგ რაც ინფიცირებულების ყოველდღიური მაჩვენებელი 1000-ს ასცდა. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მრევლს, მორწმუნეებს, მათ ვთხოვეთ რომ სახლში დარჩენილიყვნენ. ეკლესიაში მხოლოდ ღვთისმსახურები მივდივართ და ის ონლაინ რეჟიმში გადაიცემა", - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ ფორმულასთან საუბარში. 

ცნობისთვის, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.  

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.

 
 
 

close დახურვა