logo
ENG



სავარაუდო ეპიდაფეთქება ციხეებში - ომბუდსმენის აპარატი მთავრობასთან შეხვედრას გეგმავს

07 იან 202119:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/498cbc7ku3wt54i.jpg

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ციხეებში შესაძლო ეპიდემიოლოგიური აფეთქების საკითხზე პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს შეხვედრა შესთავაზეს. სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ციხეებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის გამო, პატიმრები პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს და მათ გასაჩივრებას ვერ ახერხებენ. 

ფორმულამ დღეს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლის ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის N17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. როგორც პატიმრის მეუღლე აცხადებს, ციხეში ვირუსი, სავარაუდოდ, დეკემბრის თვეში გავრცელდა, ვინაიდან, მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ ე.წ-მა ციხის მაღაზიამ მუშაობა სწორედ იმიტომ შეწყვიტა, რომ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, მაშინ მაღაზიის თანამშრომლის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ციხის ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს. 

სახალხო დამცველის აპარატში ციხეებში ეპიდემიის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ პრობლემის საჯაროობას და ინფორმაციის გავრცელებას ციხეებში არსებული კრიმინალური სუბკულტურაც უშლის ხელს, რის გამოც, ომბუდსმენი მთავრობას საკითხის განხილვის მიზნით მთავრობას შეხვედრას სთავაზობს. 

"ვგეგმავთ, შევთავაზოთ პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს შეხვედრა და დეტალურად განხილვა მათი სამოქმედო გეგმის, თუ რა იგეგმება და რა ნაბიჯებია გადადგმული. არის ე.წ ნახევრად ღია დაწესებულებები, რომლებშიც  მეტი რისკი არის, სადაც, ასე ვთქვათ, ბუნებრივია პატიმრებს ერთმანეთთან ინტერაქცია აქვთ დღის განმავლობაში.

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა არის და აქედან გამომდინარე, პატიმრები არ საუბრობენ, არ წერენ საჩივრებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით ამ დაწესებულებებიდან მოხდეს ინფორმაციის დროული მიწოდება", - აცხადებს ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. 

პენიტენციურმა სამსახურმა ციხეებში მასობრივი ტესტირებები 31 დეკემბერს დაიწყო. 5 იანვარს ქალთა N5 პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ PCR ტესტირების შემდეგ 23 ქალ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ციხის ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ ინფიცირებულ პატიმრებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და მკურნალობას სამედიცინო პერსონალირ მეთვალყურეობის ქვეშ, ჯანმრთელი პატიმრებისგან იზოლირებულ სივრცეებში გადიოდნენ. უწყებაში მაშინ განაცხადეს, რომ იზოლაცირებულ სივრცეებში გადაიყვანეს ინფიცირებული პაციენტების უშუალო კონტაქტებიც. 

31 დეკემბრის შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდათ N11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულების პატიმრებსაც, თუმცა, უწყების ცნობით, არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა. 

ქალთა N5 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ციხეებში ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავდნენ. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მას შემდეგ დანერგა პირბადის ტარების წესი, რაც ერთ-ერთ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"პირბადეების გარეშე დადიოდა ყველა და ჩვეულებრივად ვრცელდებოდა ეს ვირუსი. ძალიან დაგვიანებულია ეს ყველაფერი", - განაცხადა ალექსანდრე კაპანაძემ.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედწეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა, 419 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა