logo
ENG



საზმაუს თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან დღის ეთერის გახსნას ითხოვს

23 დეკ 202414:11
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის დღის ეთერის გახსნას ითხოვს. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

თანამშრომელთა ნაწილის თქმით, მზად არიან, როგორც სატელევიზიო ფორმატების, ისე ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.

მათი თქმით, არაერთი საჯარო მიმართვის თუ ოფიციალური წერილის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური მიზეზით ეთერს არ ხსნის, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ნების შემთხვევაში, ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია.

"ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. ჩვენ მივმართეთ ასევე წერილობით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვცადეთ, პრინციპში, მენეჯმენტი დღემდე გვეუბნება ამაზე უარს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უარს ამბობს ამ ეთერის გახსნაზე არის ტექნიკური, მაგრამ ჩვენ ვიცით, გვჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში, ნების შემთხვევაში ტექნიკურად დღის რამდენიმე საათიანი ეთერის უზრუნველყოფა ამ არხზე შესაძლებელია", - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი თამარ მშვენიერაძე

"ჩვენ ვართ არხი, რომელმაც პანდემიის დროს 2 კვირაში გააკეთა ახალი არხი, ტელე-სკოლა, რომელმაც პანდემიის დროს უხარვეზოდ შეავსო ის სიცარიელე, რომელიც ჩაკეტილ ხალხს სჭირდებოდა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვამტკიცო და ისედაც ვიცი, რომ ნებისმიერი ტექნიკური საშუალება რაც არსებობს ამ არხზე, რომელიც დაშლილია სპეციალურად იმისთვის, რომ საჭირო ადგილას, საჭირო დროს აეწყოს და მოეწყოს სტუდია, მინიმუმ, 4 კაციანი სტუდიის გაკეთება შეგვიძლია უპრობლემოდ, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან და თავისუფლად შეგვიძლია ავაწყოთ სტუდია, მინიმუმ 4 კაციანი და სრულფასოვანი ეთერი მივცეთ და ხალხმა გაიგოს, რაზეა საუბარი, რა ხდება ქვეყანაში", - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი კახა მელიქიძე 

"ჩვენ აქ ვართ შეკრებილი ადამიანები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა რედაქციის წარმომადგენლები, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები, გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ერთადერთი, რაც არ გვაქვს, არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ, ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი


close დახურვა