საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვის დასრულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა.
საია მოუწოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალონ.
"საიამ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და მონაცემების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბოლოოდ 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი, საიდანაც: 19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა და გადაითვალა, რომლის შედეგად დაზუსტდა 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები. 2 უბანთან მიმართებით საია-მ მოხსნა მოთხოვნა, რადგან დარწმუნდა, სადავოდ გამხდარი მონაცემის სისწორეში. 9 უბანთან მიმართებით მოთხოვნა განუხილველი დარჩა საჩივრის ელექტრონული ფორმით ჩაბარების გამო. 79 უბანთან მიმართებით საია-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა ან/და განუხილველი დარჩა. განუხილველად დატოვება გამოწვეული იყო იმავე საკითხზე საია-ს საჩივრის განხილვამდე სხვა ორგანიზაციების საჩივრებზე უარის თქმა", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
NGO-ში აცხადებენ, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, მაგრამ სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის შედეგებს გასაჩივრდება, რაც ჯამში სხვადასხვა ტიპის 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს. მიზეზი კი სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის შემჭიდროებული დროა.
საია ანგაირშში საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცესთან დაკავშირებით გამოკვეთილ ტენდენციებზეც ამახვილებს ყურადღებას:
"- ცესკოს ონლაინ ბაზაში მთელ რიგ უბნებთან მიმართებით, სრული დოკუმენტაცია (ახსნა-განმარტებები, შესწორების ოქმები) გვიან აიტვირთა. ასევე, დაფიქსირდა თავდაპირველად ატვირთული დოკუმენტაციის წაშლის/ჩანაცვლების შემთხვევები. ამან ხელი შეუშალა/შეაფერხა გასაჩივრების პროცესი და გააჩინა დამატებითი დოკუმენტაციების დაგვიანებით შედგენის და დისბალანსის გასწორების პროცესში მანიპულაციის განცდა.
- არაერთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრის განხილვამდე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საკუთარი განკარგულებით ჩაასწორა მონაცემები, ისე, რომ არ მომხდარა დალუქული დოკუმენტაციის გახსნა და ახსნა-განმარტებებში მოყვანილი მონაცემების სისწორის დადგენა.
- საოლქო საარჩევნო კომისიებში განხილვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღებოდა არათანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად.
- საოლქო საარჩევნო კომისიები ძირითადად, ერთ წარმოებად არ აერთიანებდნენ სხვადასხვა სუბიექტის მიერ ერთ უბანთან დაკავშირებით შეტანილ საჩივრებს. რიგითობით პირველი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ, ამ მოტივით სხვა ორგანიზაციების მიერ ამავე საკითხზე შეტანილი დავები განუხილველი რჩებოდა.
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ან/და მომდევნო დღეს შედგენილ შესწორების ოქმებს, მათი ბუნდოვანების და არადამაჯერებლობის მიუხედავად, ყოველგვარი დამატებითი გადამოწმების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიები, როგორც წესი, სანდოდ მიიჩნევდნენ და არ ახდენდნენ დალუქული დოკუმენტაციის გახსნის და მონაცემების გადამოწმების გზით, ფაქტების დაზუსტებას. მათ შორის, ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია ღიად აფიქსირებდა, რომ ისინი ყველაფერს ვერ გადაამოწმებდნენ, რადგან "ეს [ოლქი] არ იყო სასამართლო", - ნათქვამია განცხადებაში.
31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.
აქციები ხმების გადათვლის და საჩივრების დაკმაყოფილების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით არაერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები მთელი კვირაა აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.
აღსანიშნავია, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების გაპროტესტების საფუძველზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი პერმანენტულ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.