მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მესამე სექტორში აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელსიუფლებას დღის წესირგს საპარტიარქო კარნახობს, რაც მმართველი გუნდის უსუსრობაზე მიუთითებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოს გამო მიიღო და ამას საჯაროდ ვერ ამბობს.
„არაპირდაპირ ეს უკავშირდება ეკლესიის პოზიციასაც, თუმცა ხელისუფლება ღიად არ საუბრობს ამაზე და არ ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დასჭირდათ მათ ამ ზომების მიღება. რთული წარმოსადგენია რამდენი ხანი შეიძლება ეკლესია კარნახობდეს საერო და საჯარო წესებს ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, რომელსაც განსხვავებით ეკლესიისგან ჩვენ ვირჩევთ“,-განაცხადა სულხან სალაძემ.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და ის ერთგვარ არათანაბარ მოპყრობას იწვევს მოქალაქეების მიმართ.
„ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურობას თუკი დაუკარგავს ის რომ ის შერჩევითად იქნება გამოყენებული, ის არამარტო უფლების შეზღუდვის გაუმართლებლობის წინაშე დაგვაყენებს, არამედ დისკრიმინაციასაც გამოიწვევს, ანუ ერთგვარ არათანასწორ მოპყრობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა ნიშნებით“,-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
როგორც EMC-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ვერ ახერხებს საპატრიარქოსთვის წინააღმდეგობის გაწევას.
„სრულიად უპასუხისმგებლოდ საპატრიარქო დღეს კონფლიქტში შედის სამართლებრივ სისტემასთან და ქმნის გაუმართლებელ დაძაბულობას. ხელისუფლებას რომელსაც აქვს სუსტი ლეგიტიმაცია ვერ ახერხებს ამ წინააღმდეგობის დაბალანსებას და შეკავებას“,-განაცხადა თამთა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 12:00 საათიდან ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 21 აპრილამდე იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.