logo
ENG



ხვალიდან ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება

16 აპრ 202021:02
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 21 აპრილამდე იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„საერთო ჯამში დღევანდელი მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა.  ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გადაცემების ფაქტები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.

მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა კოვიდ 19 გავრცელება. ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, მოძრაობა ინტენსიური რჩება. თანამედროვე მსოფლიოში უფრო ეფექტიური გზა არაა, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა.

მთავრობა მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში.  ვიღებთ გადაწყვეტილებას ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზე. ხვალ 17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპირილს ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე. სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ჩიქოვანმა. 

 

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 494 ადამიანი.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

close დახურვა