საკონსტიტუციო სასამართლო დღეს სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს. ნინო ლომჯარია სასამართლოს სხდომას პირადად ესწრება და საკუთარ სარჩელზე არგუმენტებს თავად წარადგენს. ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. სახალხო დამცველმა აღნიშნული სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის პირველ დეკემბერს მიმართა.
„მიგვაჩნია, რომ ეს წესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ორ მუხლს. პირველ რიგში, ეს ეხება საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და მეორე - სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ვინაიდან საბჭოს მიერ არ საბუთდება, რატომ აძლევენ ხმას კანდიდატს, ასევე კანდიდატები არ არიან უფლებამოსილნი, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ნებისმიერ ინსტანციაში“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის აზრით, სარჩელი დაგვიანებული არ არის. როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჯერ არ არის გადაწყვეტილი იმ სიის ბედიც, რომელიც პარლამენტშია. ამიტომაც ომბუდსმენი ფიქრობს, რომ სარჩელს ექნება შედეგი და ახლა არსებული წესი შეიცვლება.
„მიმაჩნია, რომ არ არის დაგვიანებული სარჩელი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მომავალშიც კიდევ გვექნება პროცესი, სულ მცირე, ერთმა კანდიდატმა უკვე თქვა უარი. ამიტომ ამ ვაკანსიაზე კონკურსი ვიცი, რომ უნდა ჩატარდეს. პარლამენტსაც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ სავარაუდოდ ყველა კანდიდატის დამტკიცება არ მოხდება, ამიტომ დღევანდელ სხდომაზე ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას ნორმის შეჩერების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.