საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს შეეხებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს. ომბუდსმენი ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია.
"უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და არ გააუქმა ის ნორმა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების წარდგენა მოხდეს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოში მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან", - წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავად საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების არსებული კონსტიტუციური მოდელი, მისი შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების წესი, მიუთითებს, რომ ამ ორგანოს, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, შესწევს უნარი, კანდიდატთა შერჩევის პროცესში იხელმძღვანელოს მარტოოდენ კონსტიტუციის მოთხოვნებით. ამასთან, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა უმაღლეს ლეგიტიმაციას სძენს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულ პირებს.